ლურჯი ფერის ავტომობილში აღმოჩენილი სისხლის კვალი, პოლიციისთვის მთავარი მტკიცებულება გახდა იმისათვის, რომ უშანგი ინაურის გაუჩინარების საქმე ცხელ კვალზე გაეხსნათ. სამძებრო – საგამოძიებო მოქმედებებისას გაირკვა, რომ 68 წლის მამაკაცი არ დაკარგულა და ის მოკლულია.
სისხლის წვეთებმა და ავტომობილში აღმოჩენილმა სხვა მტკიცებულებებმა, სამართალდამცველები ოჯახის წევრის კვალზე მიიყვანა. დაკავებულია 28 წლის სანდრო ინაური, მოკლული უშანგი ინაურის შვილი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაადგინეს რომ, ახალგაზრდა მამაკაცმა მშობელი სოფელ ქორდში, სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ ცხედარი ამისივე ავტომობილის საბარგულში მოათავსა და ავჭალის დასახლებაში აგარაკის ეზოში დამალა. კვალის დაფარვის მიზნით კი, მოკლულს ფიცრები და სამშენებლო მასალები დააყარა.
მამის მკვლელობის საქმეზე გამოძიება, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ დანაშაულზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.