მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30-პროცენტიანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, პირველ ექვს თვეში ერთ მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც 10 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. 2019 წელს თუ შევადარებთ, 88 პროცენტით მეტია მოცულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების მიხედვით, მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან და ძირითადი ინვესტიცია ევროპიდან არის შემოსული.
„შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა შარშან. წელს ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელი. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30-პროცენტიანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88 პროცენტით მეტია ეს მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად. ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში. ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილია, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და ზოგადად, პროგნოზირებადობას და ეს ძალიან სასიხარულოა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.