რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ პრიმორსკოეზე, დაიღუპა ერთი, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი, – ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იური მალაშკო ავრცელებს.
„პრიმორსკზე თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. 24 წლის ბიჭი დაიღუპა. საცხოვრებელ სახლზე პირდაპირი სარაკეტო იერიშის დროს 30 წლის მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. დაშავდა შვიდი წლის გოგონა“,- წერს მალაშკო საკუთარ ტელეგრამარხზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ სოფელ პრიმორსკოეში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს პრიმორსკაიას საშუალო სკოლას, დაჭრეს სამი მშვიდობიანი მოქალაქე და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი.