მთავარიპოლიტიკასაგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ვერ მივიღებ - მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ვერ მივიღებ – მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობაზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ვერ გაიზიარებს.

მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ამბობს, რომ უმრავლესობამ ევროპის სხვადასხვა ქალაქში სათანადოდ არ იმუშავა.

როგორც ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არ შეიძლება, ქვეყანას დააბრალო ანტიდასავლური კამპანია მაშინ, როცა მმართველი გუნდი მიმართულია, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აჩვენოს.

„საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მუშაობაზე პრეზიდენტის კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან შეგიძლიათ, ჩვენი ვიზიტებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნოთ. ეს ინფორმაცია საჯაროა და შეგიძლიათ, ნახოთ, სად დააკლო მმართველმა გუნდმა, რასაც ვერ დავეთანხმები. იმ პირობებში, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსოლიდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, პრეზიდენტს განსაკუთრებული როლი აქვს შესასრულებელი ერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით და სამწუხაროა, რომ მისი განცხადებები პირიქით, პოლარიზაციას უწყობს ხელს, იქითკენ არის მიმართული, რომ უფრო მეტი კრიტიკა მოვისმინოთ ერთმანეთის. იმის ნაცვლად, რომ ფოკუსი გავაკეთოთ რეკომენდაციების შესრულებაზე, ისეთი განცხადებები კეთდება, რაც ხელს უწყობს არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციას. არ შეიძლება, ქვეყანას დააბრალო ანტიდასავლური კამპანია მაშინ, როცა მთლიანად მომართული ვართ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აჩვენოს.

ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ავუკრძალავთ, საკუთარი მოსაზრება და შეფასებები ჰქონდეს პოლიტიკოსებზე ან ნებისმიერ მოვლენაზე, რაც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება. რომელიმე პოლიტიკოსი რომელიმე განცხადებას პასუხს რომ გასცემს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, არ ვთვლი, რომ ეს შეიძლება, ანტიდასავლურ კამპანიად შეფასდეს. პირიქით, ეს ემსახურება ამ სახელმწიფოს ინტერესებს და მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი პოზიციები დავიცვათ. პრეზიდენტის ეს განცხადებები რას ემსახურება, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად არ ეხმარება მთავარ მიზანს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით აქვს. ჩვენ გვჭირდება ერთობა და საქმის კეთება. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან უარყოფითი შეფასებები ნამდვილად არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. თვითკრიტიკა კარგია, მაგრამ თვითკრიტიკის დროს უნდა ვიყოთ მოზომილები და ეს კრიტიკა საფუძვლიანი უნდა იყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოპულარული სიახლეები