მთავარისაზოგადოება„საქართველოში გატარებული თითოეული დღე მე და ჩემს შვილებს სიკვდილთან გვაახლოვებს“ – 16...

„საქართველოში გატარებული თითოეული დღე მე და ჩემს შვილებს სიკვდილთან გვაახლოვებს“ – 16 წელი ტყვეობაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის შემაძრწუნებელი ისტორია

ქალები ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყველაზე დაუცველი და მოწყვლადები არიან. წლიდან წლამდე ძალადობის მსხვერპლი ქალები იზრდებიან, ყოველ წელს საგანგაშო მონაცემები ქვეყნდება, თუმცა სახელმწიფო უწყება ამაზე არ რეაგირებს და ფიქრობს: „ოჯახის საქმეა, თავად მოგვარდებიანო“, თუმცა, ფაქტია არ გვარდება. თითქოს ძალადობას მწვანე შუქს უნთებენ და აქეზებენ კაცებს „ოჯახში უფროსი თქვენ ხართ და ძალაუფლებაც თქვენი არისო“.

საქართველოში ჯერ კიდევ ჩაგრავენ ქალებს, ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, აყენებენ მორალურ ზიანს და ხელითაც კი ეხებიან ცოლებსა თუ მეგობარ გოგონებს.

ჩვენი რესპნოდენტია ფადგულა ონიანი, რომელიც ნაადრევი ქორწინების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

_ პირველ რიგში მადლობა ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით, რთულია საუბარი იმ გზაზე, რაც გამოიარეთ. სანამ ემოციურად მძიმე ამბებზე გადავალთ მოკლედ მოვიყევით თქვენს შესახებ

_ მე ვარ ფატი ონიანი, 3 შვილის დედა. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ვარ ამაში თავადაც დარწმუნებით ინტერვიუს ბოლოს. არასლუწლოვანი, 16 წლის ასაკში გავთხოვდი, ძალიან გამოუცდელი პატარა გოგო ვიყავი. სამწუხაროდ, განათლების და თვითრეალიზების უფლება არ მქონია. 16 წლის პატარა გოგოს ცხოვრებაში გათხოვების დღიდან დაიწყო ჯოჯოხეთი.

_ ახსენეთ სიტყვა „ჯოჯოხეთი“, მოგვიყევით როგორ დაიწყო 16 წლის გოგოს ცხოვრება ცოლის ამპლუაში?

_ დაქორწინებიდან 3 დღეში დაიწყო ჩემმა მეუღლემ რეალური სახის გამოვლინება. იყო ალკოჰოლიკი, ალკოჰოლური სასმლის დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ ხდებოდა აგრესიული, ასევე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შემდეგადაც ეწყებოდა ჰალუცინაციები, ხდებოდა უკონტროლო. მამცირებდა, მაყენებდა შეურაცხყოფას, ძალადობდა სექსუალურად და ფიზიკურად. ყოველი მისი დალევა ან ნარკოტიკის მიღება სრულდებოდა ჩემი ცემითა და წამებით. მეუბნებოდა,რომ სიამოვნებდა ჩემი ტირილის მოსმენა, რომ თუ ტირილს შევწყვეტდი დამიმატებდა და უარეს დღეში ჩამაგდებდა. ორსულობის პერიოდშიც კი მეხებოდა ხელით. ძალიან ხშირად ვერ გავდიოდი გარეთ, იმდენაც ნაცემი ვიყავი, პატრონი კი არავინ მყავდა. მეშინოდა ჩემს მშობლებთან დაბრუნების, რადგან ვიცოდი თავს არ დამანებებდა. ვფიქრობდი, რომ ბავშვი გამოასწორებდა და ასე გავიდა 16 წელი. 16 წელი ვიცხოვრე ჯოჯოხეთში.

_ როცა ძალადობდა ოჯახის წევრებს, მეზობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?

_ ოჯახის წევრების მხრიდანაც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ჩემი დედამთლიც ალოკოჰოლზე დამოკიდებული იყო, სვამდა და გვეჩხუბებოდა ყველას, განსაკუთრებით მე. როცა ჩემი ქმარი მცემდა აქეზებდა და ეუბნებოდა, რომ უარესის ღირსი ვიყავი. მეზობლები კი თავს იკავებდნენ და ამბობდნენ, რომ სხვის საქმეში არ ჩაერეოდნენ.

_ როგორ გაგრძელდა თქვენი თანაცხოვრება 16 წელი?

_ როგორც უკვე ავღნიშნე, არასრულწლოვანი ვიყავი რომ დავქორწინდი. არ მქონდა გარეთ, უბნის მაღაზიაშიც კი გასვლის უფლება. შესაბამისად, დავრჩი განათლების მიღმა, არ მქონდა პროფესია, საყვარელი საქმე და მეშინოდა შვილებთან ერთად შევჭიდებოდი ამ ცხოვრებას. 3 შვილი გვყავს, თითოეულის დაბადებას ველოდებოდი სულმოუთქმელად, მეგონა, რომ შვილები გამოასწორებდნენ და მიხვდებოდა, რომ საშინლად მექცოდა და ასე აღარ გაარძელებდა. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, რაც დრო გადიოდა უფრო აგრესიული და ნარკოტიკებზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა. თავიდან ჰქონდა სინანულის შეგრძნება, პატიებას მთხოვდა მეუბნებოდა, რომ გამოსწორდებოდა და აღარ შემეხებოდა ხელით, თუმცა 2–3 საათში ყველა დაპირება აზრს კარგავდა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ ყველაფრის მოთმენა, მაგრამ ვითმენდი არ მინდოდა ჩემი ტკივილით და პრობლემებით ვინმე შემეწუხებინა, თუნდაც ჩემი მშობლები. როცა გადავწყვიტე დაშორება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დაიჭირეს და ციხეში გაატარა გარკვეული პერიოდი. ამ ხნის მანძილზე არ მიმიტოვებია, დავდიოდი სასამართლოებზე, პაემნებზე და ღვთის წინაშე დადებული ფიცი არც ერთი წამით არ დამირღვევია. როგორც კი გამოვიდა იგივეს აგრძელებდა ჯოჯოხეთიც გრძელდებოდა. 3–ჯერ არის ნასამართლევი, ძალიან საშიში ადამიანი გახდა ყველასთვის მე კი ადამიანურად მეცოდებოდა და ხელი ვერ ვკარი, თან ვიცოდი რომ თუკი დაშორებაზე დავიწყებდი საუბარს ყელს გამომჭრიდა და შვილები მენანებოდა ობლობისთვის.

_ სიცოცხლის მოსპობით გემუქრებოდათ, მაგრამ კვლავ აგრძელებდით თანაცხოვრებას, რატომ?

_ არავის იმედი არ მქონდა, დაუცველი ვიყავი. სახელმწიფო უწყებები თავს არ იწუხებდნენ და შაბლონური პასუხებით მისტუმრებდნენ. ვიცოდი, რომ დაშორების შემდეგ სადა არ უნდა ვყოფილიყავი მიპოვიდა და მომკლავდა. სულ მიმეორებდა, რომ ერთ დღესაც გამომასალმებდა სიცოცხლეს. წლების განმავლობაში ღამე არ მეძინა, მეშინოდა ის დღე არ დამდგარიყო და შვილებს დედის გარეშე გაეღვიძათ. 2–ჯერ ვცადე ჩემს მშობლებთან დაბრუნება, ორჯერვე მოვარდა შუა ღამე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს მშობლებს – სახელმწიფო უწყებები კი კვლავ დუმდნენ. გამოძახებული პოლიცია 2 საათის დაგვვიანებით მოვიდოდა და უკან ბრუნდებოდა რეაგირების გარეშე.

_ ბავშვებს რა რეაქცია ჰქონდათ, მოსწონდათ მამის საქციელი?

_ ბავშვები ყოველდღე მთხოვდნენ გაქცევას და დაშორებას, მე კი ძალა არ მქონდა. ბოლის უფროსმა შვილმა მითხრა, რომ თუ არ დაშორდებოდა ასე ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა და სახლიდან წავიდოდა. ეს იყო ჩემთვის გადამწყევტი მომენტი – მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ერთად შვილებსაც ვკარგავდი. ამ სიტყვების შემდეგ მალევე წამოვედი ჩემი ქმრის სახლიდან ნაცემი, დალურჯებული და შეურაცხყოფილი.

_ თქვენი გოგონა ნამდვილად აღმოჩნდა თქვენი მოტივატორი და ძლიერი პიროვნება, ჩემი პატვისცემა მას. სახლიდან წამოსვლის შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა თქვენს ქმარს?

_ ტრადიციუალად, მოვარდა სახლში და დაიწყო ჩხუბი, ჩალეწა ფანჯრები, რათა შემოსულიყო ოთახში ჩემს მოსაკლავად.  ამ დროს გამოვიძახე პატრული და გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, რაზეც ძალიან გაბრაზდა და უარესად გაცხარდა. იყო მუქარები და კვლავ სახლში მოვარდნები. ბავშვები ძალიან ცუდად იყვენენ ემოციურად, აღარ საუბრობდნენ, აღარ ჭამდნენ და სკოლაშიც კი არ დადიოდნენ. გამოსავალს ვეძებდი და აღმოვაჩინე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“, რომელსაც მივმართე.

_ როგორ და რაში დაგეხმარათ „საფარი“?

_ „საფარი“ დამეხმარა სასამართლო სხდომებზე დამეცვა ჩემი პოზიცია, წამომეღო პირადი ნივთები ქმრის სახლიდან, გამეკეთებინა ბავშვებისთვის დოკუმენტები(პასპორტები). დიდი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ მცნო ძალადობის მსხვერპლად და მომენიჭა სტატუსი, ოფიციალურად განვქორწინდით, თუმცა ახლაც გრძლდება ჩემი ქმრის მხრიდან ძალადობაც, მუქარაც და თავდასხმა. ახლაც არ გვძინავს მე და ჩემს შვილებს მშვიდად, არ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდად ყოფნის საშუალება, დაკარგული გვაქვს დაცულობის შეგრძნება და როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი არ ვიცით. ვეღარც ვაიმედებ შვილებს, მათ თვალებში მხოლოდ შიში იკითხება.

_ რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?

_ ამ ქვეყანაში გატარებული თითოეული დღე მე და ჩემს შვილებს სიკვდილთან გვაახლოვებს. არ გვვიცავარს არც ერთი სახელმწიფო უწყება, ვერ გვიცავენ ახლობელი ადამიანები, რადგან შეიძლება ჩემმა აწ უკვე ყოფილმა ქმარმა ნებისმიერი მოკლას, ამიტომ გამოსავალს გაქცევაში ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ცხოვრება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ურთულესი იქნება და ამას ვიაზრებ, მზად ვარ, რომ წავიდე და დავტოვო საქართველო, რადგან სიცოცხლე გვინდა. მე და ჩემი შვილები მხოლოდ უსაფრთხო გარემოს ვითხოვთ, გვინდა, რომ ღამე მშვიდად გვეძნოს და ყოველდილით გაღვიძებისთანავე არ ვითვლიდეთ ერთმანეთს, ყველანი თუ ვართ ცოცხლები. ბავშვები ვერ გადიან გარეთ, ეშიანიათ მამა სადმე არ დახვდეს და მათზეც არ იძალადოს. ამიტომ, გამოსავალი გაქცევაშია, ჯერ არ ვიცი ზუსტად სად შევძლებ წასვლას და რომელ ქვეყანას ვთხოვ დახმარებას.

_ წარმატებებს გისურვებთ! აუცილებლად იცხოვრებთ თქვენ და თქვენი შვილები მშვიდ და სრულფასოვან გარემოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სამშობლო, საქართველო, არ არის თქვენი მშვიდი ნავსაყუდელი.

_ მადლობა! მინდა ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალებს მივმართო – ხმა ამოიღეთ, დროს არ აქვს მნიშვნელობა, მე 16 წლის შემდეგ დავაღწიე თავი ჯოჯოხეთს, გვიანი არასდროს არის! ძალადობას გამართლება არ აქვს! რაც შეეხება საქართველოს დატოვებას – მეც ძალიან მწყდება გული, რომ მიწევს არა დატოვება არამედ გაქცევა და ბრძოლა გადარჩენისთვის. ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანას შეეძლოს ადამიანებს მოგვცეს მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობა.

მარიამ ხაჩიძე, Newsplus

პოპულარული სიახლეები