მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსთან...

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით, რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო

უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ სტატუსთან და ქვეყნის არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით, რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, სწორედ ნეიტრალური სტატუსი და არაბირთვული სტატუსი იყო რუსეთის პირველი პრინციპული პუნქტი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნეიტრალურ სტატუსთან და არაბირთვულ სტატუსთან მიმართებით კიევის დათმობაზე წასვლა არ უნდა იყოს ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ერთი ფურცელი. ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია, რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ქაღალდი გადაიზარდოს სერიოზულ შეთანხმებაში, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტორი იქ, სადაც არის უსაფრთხოების გარანტიების პუნქტები. ეს უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტიები ქვეყნების პარლამენტების მიერ. და უკრაინაში რეფერენდუმი უნდა იყოს. კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასოდეს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჯარები უნდა გაიყვანონ, გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას. შემდგომი რატიფიცირება პარლამენტებში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და შემდეგ ცვლილებები კონსტიტუციაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

პოპულარული სიახლეები