მთავარიპოლიტიკასაქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიის პოლისაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

„2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით.თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.

მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პოპულარული სიახლეები