ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს უკანასკნელი საშინაო მოვლენების შემდეგ, დავით ზალკალიანის „ევრაქტივთან“ ინტერვიუ სასაცილოდ გამოიყურება.

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება 2020 წლის შემდგომი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღის წესრიგის პერსპექტივა. სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.​

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.