ერაყში კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ერაყის ქალაქ ნასირიაში, იმამ ჰუსეინის კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 92 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი.
გამოძიების მიხედვით, ხანძრის მიზეზი არასწორი გაყვანილობა გახდა. პოლიციის განცხადებით, არასწორი გაყვანილობის შედეგად გაჩენილმა ნაპერწკლებმა ჟანგბადის ავზის აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას საავადმყოფოს შენობის კონტსრუქციამაც შეუწყო ხელი, რომელიც სწრაფად აალებადი მასალით იყო აშენებული.
ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-კადიმის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ქალაქის ჯანდაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის მენეჯერები.
მიმდინარე წლის აპრილში, ბაღდადის კოვიდსაავადმყოფოშიც იგივე მიზეზით გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.