დავით გარეჯის საქმის მორიგი სასამართლო განხილვა დასრულდა – ბრალდების მხარის მოწმედ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი გამოვიდა

დავით გარეჯის საქმის მორიგი სასამართლო განხილვა დასრულდა. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს, მათ შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრი ლევან ჯღარკავა.

“ჩემი მხრიდან კომპეტენცია გადიოდა საბაჟო საკითხებზე, სხვა ნაწილში ფორმალობა იყო ჩემი მონაწილეობა,” – განაცხადა ლევან ჯღარკავამ სასამართლო პროცესზე.

ის, რომ ლევან ჯღარკავა თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე ყველა განხილვაში არ მონაწილეობდა, დაადასტურა გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმაც.

“ლევანი იმ დროს იყო, რომ აზერბაიჯანთან არც გამართულა სხდომა და თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე არ მიუღია არსებით განხილვებში მონაწილეობა და ეს განაცხადა კიდევაც სასამართლოზე,” – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ბრალდების მხრიდან აღნიშნული მოწმის წარმოდგენის მიზანი გაუგებარია ივერი მელაშვილის ადვოკატისთვის, როგორც გიორგი მშვენიერაძე ამბობს, მოწმეს არ წარმოუდგენია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც რაიმე სახით გამოკვეთდა ბრალდებულების ბრალეულობას ან დამნაშავეობას.

“სამწუხაროა ის რომ კომისიის წევრმა დღეს დაადასტურა, რომ იყო კომისიის წევრი და არ იცოდა რომ სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონი უნდა წაეკითხა, ან უნდა ჰქონოდა წაკითხული, მით უმეტეს რომ მოწმე იურისტია პროფესიით და ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ის არ უდგებოდა განსაკუთრებული გულისყურით კომისიაში მის ფუნქციას. თუმცა ბრალდებულებთან დაკავშირებით რა მიზანს ემსახურებოდა მისი დაკითხვა და რატომ იყო ის ბრალდების მოწმე, ჩვენთვის ცოტა გაურკვეველია, იმიტომ რომ მას არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც რაიმე სახით გამოკვეთდა ბრალდებულების ბრალეულობას ან დამნაშავეობას, არ წარმოუდგენია, პირიქით,” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ მოწმის ჩვენება სხვა ჩვენებებთან და მტკიცებულებებთან უნდა იქნეს განხილული. ამასთან პროკურორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კომისიის წევრი, კომისიის მუშაობაში სრულფასოვნად არ იყო ჩართული:

“ეს ჩვენება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან, სხვა ჩვენებებთან ერთობლიობაში. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე კონკრეტული მონაკვეთების შეთანხმებაზე არსებობდა წინააღმდეგობები, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შედგა ეს შეთანხმება საქართველოს საზიანოდ. რაც შეეხება მოწმეს, მოწმე სწორედ იმ პერიოდში იყო ამ კომისიის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ წესით და რიგით,  ყველა საკითხის განხილვაში უნდა ყოფილიყო ჩართული, არ იყო ჩართული. ის მხოლოდ იმ პროცესებში მონაწილეობდა, რაზეც მოიწვევდნენ,” – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების მხარე საქართველოსთვსი საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას ედავება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button