მარინა ეზუგბაია – ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, ჩაიტაროს ვაქცინაცია, შეიქმნება იმუნური ფენა, რომელიც შექმნის დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს

ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა შეიქმნას იმუნური ფენა, რომელიც შექმნის დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

მისი თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

„დიდი ხანია, ქვეყანა ელოდება ვაქცინაციის დაწყებას და როგორც იქნა, შემოვიდა ქვეყანაში „ასტრაზენეკა“, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა მოსახლეობაში შეიქმნას იმუნური ფენა, რომელიც შექმნის დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს. მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, რომ მისცენ პირადი მაგალითი მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს.

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“. საუბრები, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს უფრო ბევრი გვერდითი მოვლენა, ვიდრე „ფაიზერს“, არ არის მართალი. გვერდითი მოვლენების ირგვლივ, რომლის გამო თითქოს შეჩერებული იყო ეს ვაქცინა, მოიხსნა კითხვის ნიშანი და ჯანმომ და ევროპის წამლის სააგენტომ წარმოადგინეს დასკვნები, რომ „ასტრაზენეკა“ უსაფრთხო და მაღალხარისხიანია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, „გამოჩნდა გარკვეული ნაშრომები, სადაც საუბარია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამცველობითი უნარი 60 პროცენტზე მეტია.

„თუ მოსახლეობის საჭირო პროცენტი აიცრება, შეიქმნება იმუნური ფენა და იმუნური სისტემის დამცველობითი ის 60-70%-იანი მაჩვენებელი საკმარისი იქნება, რათა ქვეყანაში აღარ მოხდეს პარალიზება. გვერდითი მოვლენა აქვს ნებისმიერ მედიკამენტს – არ აქვს მნიშვნელობა ეს მედიკამენტია თუ ასაცრელი მასალა. გვერდით მოვლენებს უნდა შეფასება და სწორად გაანალიზება. ვისაც არ აქვს უარყოფითი რეაქცია ვაქცინის კომპონენტების მიმართ და არ აქვს ალერგია, მობრძანდით და გავიკეთოთ ვაქცინა.

ანტივაქცერებში არიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან ანტივაქცერები და რომლებიც გარკვეულწილად კონფრონტაციაში არიან ქვეყანასთან, რადგან როცა ასეთი მძიმე პრობლემა დგას ქვეყანასა და მსოფლიოში, ჩვენ ხომ გვინდა, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ, ამიტომ მინდა ვთხოვო ანტივაქცერებს, გადადონ გვერდით ეს დამოკიდებულება და ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ამით დაიცავენ საკუთარ თავს, ოჯახსა და ქვეყანას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button