ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჟურნალისტების დაშავების გამო წუხს და ამატებს, რომ აივანზე “საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ”

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ჟურნალისტების დაშავების გამო წუხს, თუმცა აქვე ამატებს, რომ “ჟურნალისტები იქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ”.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ, იმიტომ, რომ იქ არის აივანი ძალიან ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი. იქ არ უდნა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს”, — განაცხადა მან.

ჯაღმაიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტების დაშავება არის “ერთი მხარე” და “მეორე მხარეს” არის ეპარქიაში შეჭრის მცდელობა.

დღეს, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც. დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის აცხადებს, “შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა”. თუმცა, მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად “გალობა” დაიწყო.

ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მს გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში newsplus.ge-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button