გარანტიას ვაძლევ პირადად მელიას, რომ არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ტყუილსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

მისი ინფორმაციით, ე.წ. უნიკალური კოდი, რომლის გარეშეც, ნიკა მელიას თქმით, მასზე დაკისირებული გირაოს გადახდა შეუძლებელია, მხოლოდ სწრაფი იდენტიფიკაციისთვისაა საჭირო და ის არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ერთგვარი ბარიერი, გირაოს გადასახდელად.

მისი მტკიცებით, გირაოს ანგარიში ღიაა და მისი გადახდა ამ კოდის გარეშეც მარტივად შეიძლება.

“იცით, რომ ეს ადამიანი, თითქოს, არ აპირებს გადაიხადოს გირაო, სინამდვილეში, მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ის და “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ნიკა მელიას გირაო გადაიხადონ ე.წ. გვერდითა გზებით.

მე აქ არ ვიდგებოდი, თავად რომ არ იშვერდნენ ხელს ჩვენი მისამართით, თითქოს ჩვენ გვაქვს აღტკინება და სურვილი, რომ მაინცდამაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო, რაც არასდროს მომხდარა სხვების შემთხვევაში.

გარანტიას ვაძლევ პირადად მას, რომ არავინ აპირებს მისი გირაოს გადახდას, არც ამაზე ფიქრს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუმცა ისინი ხელს მაინც ჩვენკენ იშვერენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ.

თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს თავი ამ მანიპულაციებს და გადაიხადოს, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის ნებას.

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, როდესაც ბრალდებული, ან მისი ადვოკატი ან სხვა პირი იხდის გირაოს, უნიკალური კოდი არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება, კონკრეტულად რომელი ბრალდებულის სასარგებლოდაა გადახდილი გირაო. ეს კოდი არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც გახსნილია ნებისმიერ ბანკში.

გირაოს ანგარიში არის ღია, ის არ არის რაიმე კოდით დაცული იმგვარად, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა, ისინი იტყუებიან და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვისაა უცხო, თუმცა ნებისმიერმა ადვოკატმა, სამართალდამცველმა თუ ბრალდებულმა იცის, რომ ეს კოდი მხოლოდ და მხოლოდ იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button