ამირან გამყრელიძე – არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ და ამიტომ შემსუბუქდა შეზღუდვები, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები

არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ და ამიტომ შემსუბუქდა შეზღუდვები, ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ გამოიწვია და აღნიშნა, რომ შემსუბუქების პარალელურად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები.

გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობა თუ დაიცავს რეგულაციებს, ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება.

„შეზღუდვების ყველანაირი შემსუბუქება ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია ​და კიდევ მეტი რისკფაქტორია ისეთი შემსუბუქება, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მობილობის ფაქტორი, მაგრამ თუ ვიცავთ ყველა პირობას და რეგულაციას, პირველ რიგში, ვატარებთ პირბადეს, რისკფაქტორი მნიშვნელოვნად მცირდება. შეზღუდვების შემსუბუქება ხდება იმიტომ, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ყველა ინდიკატორი – ახალი შემთხვევები 100 ათას მოსახლეზე, სიკვდილიანობა, დადებითობის მაჩვენებელი. ამავე დროს, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, აღარ არის და იმიტომ შევამსუბუქეთ. შემსუბუქების პარალელურად, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რეგულაციები. ინფექცია არსად გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს. სტატისტიკა ყოველდღიურად მერყეობს 400-600 შემთხვევას შორის. ეს 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია. თუ ყველა რეგულაცია იქნება დაცული, ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 3,84 პროცენტს შეადგენს.

„ბაზრობების გახსნა დაანონსებული იყო 15 თებერვლიდან, თუმცა დღეიდან გაიხსნა, რადგან დადებითობის მაჩვენებელი დღეს გვაძლევს პროცესის დაჩქარების შესაძლებლობას. 15 თებერვლიდან დაანონსებულია რესტორნების ღია სივრცეების გახსნა. ხვალ არის საკოორდინაციო საბჭო და მთელი რიგი საკითხები იქნება განხილული. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი კვირა, 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა სიტუაცია იქნება, მით უმეტეს, ორშაბათიდან იხსნება ისეთი ადგილები, რომლებიც მობილობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს. სკოლები იხსნება და ამ მონიტორინგის შემდეგ უნდა განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები. ერთბაშად ყველაფრის გახსნა გამოიწვევს ეპიდაფეთქებებს და დაგვაბრუნებს იქ, რაც გამოვიარეთ. კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button