საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე მოსაზრებას.

„დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე.

„ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას:

რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს;

დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა;

გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შესვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას.

„ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველ რიგში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

51 ოპოზიციონერთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირაში იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება. რეგლამენტის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით დეკემბერში მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათგან „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე შევიდნენ.

რაც შეეხება მათ, ვისაც ამ დროისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადი აქვთ შეტანილი, ესენი არიან – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button