გია ვოლსკი – არ შეიძლება, ადამიანი პოლიტიკურ პროცესს ხელმძღვანელობდეს, გამარჯვების შემთხვევაში მისი კანდიდატურა განიხილებოდეს მაღალ პოსტზე და იყოს დამნაშავე

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა არსებობდეს კანონები, რომლებიც არა კონკრეტულად სააკაშვილს შეეხება, არამედ საერთო გარემოებას, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობასა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარების პერსპექტივას უპირისპირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საკითხი სამართლებრივი ასპექტით უნდა განვიხილოთ.

„განა დასაშვებია, გინდ საქართველოში, ან ნებისმიერ ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და ძებნილია? ეს გინდ სააკაშვილი იყოს, გინდ სხვა პარტია. სახელმწიფო ვალდებულია, ასეთ ჩარევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმის მიუხედავად, სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს თუ არა რაიმე პოლიტიკური წონა. ფაქტია, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ადამიანი პოლიტიკურ პროცესს ხელმძღვანელობდეს, მით უმეტეს, გამარჯვების შემთხვევაში, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს რაიმე მაღალ პოსტზე და იყოს დამნაშავე.

„ის კანონის წინაშე პასუხს უნდა აგებდეს და ამ დროს პოლიტიკურ პროცესს ხელმძღვანელობს. ეს შეუსაბამოა და ამის გასწორება აუცილებელად საჭიროა. საარჩევნო პროცესებში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის უკანონობა სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიებმა პრემიერ-მინისტრობის ან პარტიის ლიდერობის კანდიდატურების დასახელება აქტიურად დაიწყეს. სწორედ ამ ვითარებაში სააკაშვილის მონაწილეობის უკანონობის ყველა ასპექტი გაცილებით უფრო ნათელი გახდა, ვიდრე ადრე იყო. სამომავლოდაც რომ გავიხედოთ, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში კანონები უნდა არსებობდეს, რომლებიც არა კონკრეტულად სააკაშვილს შეეხება, არამედ საერთო გარემოებას, რომელიც საქართველოში სტაბილურობასა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარების პერსპექტივას უპირისპირდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button