პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ამ დროისთვის ხუთმა სუბიექტმა მიმართა

მეათე მოწვევის პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ხუთმა სუბიექტმა უკვე მიმართა.

ამ დროისთვის პარლამენტში შესულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, „რესპუბლიკური პარტიისა“ და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადებები, ისევე, როგორც „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართვები.

პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნით გუშინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც.

შესაბამისი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის არ წარუდგენია სამ პარტიას – „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 დეპუტატი ჰყავს, „ევროპულ საქართველოს – ხუთი, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“, „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში ოთხ-ოთხი წევრი ჰყავთ, მოქალაქეებს – ორი მანდატი აქვთ, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი – ერთი.

პროცედურის მიხედვით, დეპუტატებს შვიდდღიანი ვადა აქვთ საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად და მიმართვების უკან გასაწვევად. ამ ვადის გასვლის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იწყებს მიმართვებზე მსჯელობას და რვიდან 15 დღის ვადაში განიხილავს საკითხს. კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრები უკვე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, ცესკო-მ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების პარტიული სიები გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button