„ემ ბი სი“-ს ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის.

ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლევან ზურაბაშვილთან ადვოკატები იმყოფებოდნენ და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ზურაბაშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატებს ჯერ არ ჩაბარებიათ საქმის მასალები და ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე გადაეცემათ.

მედიასთან მათ განმარტეს, რომ დაკავებულის თხოვნაა, გადასცენ მისი ბოდიში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფ მომხმარებლებს, მათ ოჯახებს ვინც იმ დროს სტრესი განიცადა.

„მისი თხოვნაა, რომ დავიწყოთ ბოდიშით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმყოფებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და მისი ოჯახის წევრების მიმართ. მათ სთხოვს პატიებას. მისგან გამოძიებამ ამოიღო ტანსაცმელი, ბუნებრივია, ყველაფერი გადავეცით. ის მზად არის სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა. საქმის მასალებსაც მალე გადმოგვცემენ. მას ხვალ წარუდგენენ ბრალს. აბსოლუტურად გააზრებული აქვს რასაც აკეთებს, ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ამ იდეის ირგვლივ. ჯერ ჩვენება მისთვის არავის არ ჩამოურთმევია“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. არის დაკავებული. ​სამინისტროს ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში ის 20 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button