,,წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ”- ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში მასშტაბურ ლოკდაუნს არ გეგმავს. თუმცა, თურნავას განმარტებით, იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ზოგადად, თქვენ იცით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანაში მასშტაბურ ლოკდაუნს, ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები და იმავდროულად არ დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და ეს გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის რა თქმა უნდა, პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება.

არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები და შემდეგ თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით გვექნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე, რადგან, დამეთანხმებით, რომ ზამთრის კურორტი, ისევე როგორც საზაფხულო კურორტი, არის გარკვეულად დიდი მობილობის გენერატორი და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. რამდენად შევძლებთ, ამ პირობებში სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, ეს კითხვა დგას, ჩვენ ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button