მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში

მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ, ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღესაც მზადაა, ამგვარ დებატებს უმასპინძლოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.

„შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით აარიდეს მათ მანამდე თავი უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button