,,საშინელებაა, რისკია აქ ცხოვრება უკვე”- 3 მცირეწლოვანის დედა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს

ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში მცხოვრებმა ანჟელა ჯაგიევმა, ცოტა ხნის წინ, ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ ინგრევა მისი საცხოვრებელი კორპუსი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მის ბინაში, სადაც ქალბატონი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

კადრებს თან ახლავს ტექსტი, სადაც ანჟელა ამბობს, რომ კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია და მათ სახლში ცხოვრება უკიდურესად საშიში.

,,newsplus.ge”-სთან საუბრისას, 3 შვილის დედა აცხადებს, რომ 4 წელია უშედეგოდ ცდილობს პრობლემის მოგვარებას. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,რა ძნელია და თან გასაბრაზებელიც, როცა გეშინია სანამ სახლში დაბრუნდები შვილები უვნებლები დაგხვდეს. აი, ამ ფაქტის დანახვამ დღეს სერიოზულად შემაშინა. იმიტომ, რომ ხვდებით რამხელა საშიშროება იყო იმისა, რომ რომელიმე ბავშვს არ დასცემოდა თავში ეს ნანგრევები.

წლების წინ გავაკეთეთ კორპუსის ამხანაგობის საბუთები, რომ დაგვხმარებოდა სახელმწიფო და რაღაცით, ცოტათი მაინც შეგვიკეთებდნენ ამ ავარიულ კორპუსს. საშინელება ხდება მეგობრებო ამ კორპუსში, საშინელებაა, რისკია აქ ცხოვრება უკვე.
ჩემს ოთახში ყოველთვის, როცა წვიმს, ათასნაირი ჭურჭელი მაქვს მიდგმული, სადაც წვიმა ჩამოდის, რომ დაბლა იატაკიც არ დალპეს როგორც ჭერი დალპა. აგერ ნაწილ-ნაწილ ცვივა უკვე ჭერიდან ნალესები ხეც კი დალპა უკვე. ერთ ადგილას ჩანს კიდეც მთლიანად ჩამოვარდნილი ჭერი, მეორე ოთახში კი ნახევარი ჭერია წვიმისგან ჩამოვარდნილი.

4წელია ვეხვეწები ვისაც ეხება ეს საქმე და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მეუღლე პატიმარი მყავს 4 წელზე მეტია და ვცხოვრობ ამ ავარიულ ბინაში 3 შვილთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ვარ სოციალურად დაუცველი, მაინც მიწევს იმ საარსებო მინიმუმისთვის მუშაობა, რომ ელემენტარული არ მოვაკლო ჩემს პატარებს. ყოველთვის მეშინია ამ საშინელი ბინის. ღმერთის იმედად ვართ მართლა.

მითხარით მეგობრებო რა გავაკეთო როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა? როდემდე უნდა ჩამომდიოდეს ოთახში წვიმის დროს ნიაღვარი? სანამ არ ჩამოვარდება მთლიანი ჭერი და ჩაგვიტანს ქვემოთ? მართლა მეშინია აქ ცხოვრების, მართლა. სახურავი მაინც რომ შეკეთდეს და წვიმის აღარ მეშინოდეს. მეხუთე წელია, რაც ამ კორპუსში ვარ და შიში გამიჩნდა წვიმის,”- წერს ანჟელა ჯაგიევი.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button