საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – ოპოზიცია სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

საქალაქო სასამართლომ დღეს ოპოზიციური პარტიების არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღის პირველ ნახევარში უარი უთხრა “ევროპულ საქართველოს”, “ერთიან საქართველოსა” და პარტიას “სამართლიანობისთვის”. სამივე შემთხვევაში, პოლიტიკური სუბიექტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ და ამბობდნენ, რომ ცესკომ არჩევნები არაკანონიერად შეაჯამა.

გადაწყვეტილებების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საჩივრების განხილვაც დაიწყო. პირველი “ლეიბორისტული პარტია” იყო. პარტიის წარმომადგენლები მოსამართლეს ცესკოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სთხოვდნენ, რაც, მათი თქმით, პირდაპირ ნიშნავს არჩევნების შედეგების გაბათილებას.

საკუთარი პოზიციების გასამყარებლად “ლეიბორისტებმა” სასამართლოში ვიდეოკადრები და სხვა მტკიცებულებებიც წარადგინეს, რომელიც, მათივე თქმით, არჩევნების გაყალბებას ასახავდა, თუმცა პარტიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კიდევ ერთი საჩივარი, რომელზეც დღეს საქალაქო სასამართლოში მსჯელობდნენ, “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის. პარტიის წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება არჩევნები იქამდე შეეჯამებინა, სანამ საქალაქო სასამართლოში საჩივრების განხილვა არ დასრულდებოდა, სწორედ ამიტომ, “ძალა ერთობაშია” პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს.

მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს კვლავ უარყოფს და ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციურს უწოდებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button