დედაქალაქის მერმა, მოსკოვის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა

„სამგორის რაიონში, კონკრეტულად მოსკოვის გამზირზე, კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ ადრე ტრამვაის ხაზი გადიოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხდინა მისი სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სასეირნო ზოლი და ველობილიკები; დაიდგა ტრენაჟორები, ატრაქციონები და ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა. დარჩენილია მხოლოდ გაწმენდის სამუშაოები და გამწვანების მცირე სამუშაოები, რომლებსაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მთლიანი სივრცე, რომელიც ორ კილომეტრს მოიცავს, აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, რათა წესრიგი მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შუა ზოლზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 9063 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს დეპუტატები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button