უშგულელი მხატვარი და ფერმწერი ფრიდონ ნიჟარაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას.

„მხატვარმა მთელი თავისი ცხოვრება სვანეთს მიუძღვნა და მისი უნიკალურობა არაერთ ტილოზე ასახა. ხელოვანის ნიჭი და გენიალურობა ასევე გამოიხატა მის ლექსებსა თუ ხეზე ნამუშევრებში.

ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. დღემდე მხატვრის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი და ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარულებში დიდ აღფრთოვანებას იწვევს“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო, მწუხარება საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა. მთავრობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ადამიანისა და უნიჭიერესი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. მან თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა.

ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – აცხადებს გიორგი გახარია.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button