მიხეილ სარჯველაძე – ხდება ისტორიის მოდელირებული გაყალბება და არჩევნებზე რამე მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა არ ყოფილა​

სარჯველაძე აცხადებს, რომ პროტესტის გამოხატვის უფლების განხორციელება სამართლებრივი ნორმების განუხრელად დაცვით უნდა ხდებოდეს.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აცხადებს სარჯველაძე.

მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს დაგეგმილ აქციას.

„ესეც მათი უფლებაა, თუმცა არაერთხელ მითქვამს, შეფასებაზე თუ მიდგა საქმე, ნამდვილად არ მოვუწონებდი ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ ფორმით და ამ მომენტში გამოხატონ პროტესტი.

არ მგონია, რომ რაიმე გავლენა იქონიოს უშუალოდ ამ პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში, მათ პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია ფაქტებით საუბარი“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ფაქტები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ეს სწორად არის ასახული იმ შედეგებში, რომელიც ქვეყანას აქვს.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ისეთი მჭიდრო არ ყოფილა, როგორც დღეს არის. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და შესაბამისად ეს ასეც იქნება. როგორი იქნება კონფიგურაცია ამ პარტნიორობის განხორციელებისა, ამას მომავალი გვაჩვენებს და არც ისე შორს არის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო მზად არის, რომ გაცილებით მაღალი ხარისხის თანამშრომლობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა, ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს სარჯველაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button