სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში გასული დღე-ღამის განმავლობაში 81 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

მთიან ყარაბაღში გასული დღე-ღამის განმავლობაში 81 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, 27 სექტემბერს დაწყებული შეაირაღებული დაპირისპირების შემდეგ, მთიან ყარაბაღში სომხური მხარის მსხვერპლი 1 302-ს აღწევს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების გადაწყვეტილებას ისტორია შეაფასებს, თუმცა სომხური მხარე იძულებული იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“.

უკვე გამოქვეყნდა სამმხრივი შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button