სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოქალაქეების დარბევის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.
როგორც ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.
“ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ნინო ლომჯარია ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.