“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე სასაუბროდ” – ცესკო

გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ცესკო განცხადებით ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ განვითარებული მოვლენები საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაა.

“აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას.

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას.

და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში,” – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button