ნინო ცაციაშვილი – შსს არ დაუშვებს არჩევნების ძალადობრივი სცენარით განვითარებას, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი და სწრაფი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არჩევნების ძალადობრივი სცენარით განვითარებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება პროვოკაციებისთვის, ასევე დაიწყო თუ არა გამოძიება დიმიტრი შაშკინის მიერ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, ნინო ცაციაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი და სწრაფი.

„ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ძირფესვიანად მოხდება აღნიშნული ფაქტის შესწავლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არჩევნების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რათა შეეძლოთ არჩევანის თავისუფალი გამოვლენის საშუალება. ამიტომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, რომელიც ამ მიზნით იქნება განხორციელებული, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი და ძალიან სწრაფი“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.​

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს, რისთვისაც ყოფილი ძალოვნების ჯგუფები ჩამოაყალიბეს. კობახიძემ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, მისი თქმით, ამ ჯგუფების წევრთა ვინაობაა მითითებული.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი მხარდამჭერებთან ერთად იარაღით გადაადგილდებოდა. ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად დიმიტრი შაშკინმაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button