არჩევნების დღეს ნებისმიერი სახის პროვოკაცია უმკაცრესად იქნება დასჯილი – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციის და საზოგადოების ვალდებულებაა საარჩევნო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

“შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსპარანტული.

წინასაარჩევნო პერიოდმა როგორც ჩაიარა წყნარად, მშვიდად,  დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემ და შემდგომმა პერიოდმა. ეს არის ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულება, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან იქნება ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი უწყების მიერ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება როგორც საარჩევნო უბნებზე წესრიგის დასაცავად, ისევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების დღეს და შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით,”-განაცხადა პრემიერმა.

დასასრულს გახარიამ მოსახლეობა არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდა

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button