“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი აქციის შესახებ, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ:

ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მოძრაობს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი მოძრაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

დღესვე აქციასთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება:

– რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით;

– რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე;

ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.

მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება ღონისძიების დასრულებისთანავე,”- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button