ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით პირველი გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა. “არქიმედეს” კლინიკაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ხანდაზმულს სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ „კოვიდ-19“-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button