ლევან დავითაშვილი: შაქრის ფასს თავისი სეზონურობა აქვს, აგვისტოსა და სექტემბერში ოდნავ იმატებს ხოლმე და სპეკულირება უადგილოა

„აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. კომპანიასთან იყო შეთანხმება და ამ კუთხით სახელმწიფო დაეხმარა, მაგრამ თქვენ დაინახეთ, რომ კორონავირუსის პირობებში, მთელმა მსოფლიომ არაორდინალური გადაწყვეტილებები მიიღო, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვას და ამ პირობებში, აქტუალური გახდა ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი მარაგების არსებობა. ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ამ ნაწილში არ დახარჯულა, „აგარის შაქარს” ეს პრეფერენცია არანაირად არ მიუღია. ფასები თავისუფალ რეჟიმშია ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. არავის დაუდგენია, არც შეუზღუდავს და ამ შემთხვევაში, არ დაუსუბსიდირებია. როდესაც გვქონდა გარკვეული პროდუქტების დაფინანსების პროგრამა, ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც რეგიონში ზუსტად შემზღუდავი მექანიზმები არსებობდა იმისთვის, რომ მოსახლეობა სპეკულაციური ფასებისგან დაგვეცვა და დეფიციტი თავიდან აგვერიდებინა. ზაფხულის პერიოდში შაქართან დაკავშირებით ფასი ყველაზე დაბალი იყო, თუმცა წინა წლებსაც რომ გადახედოთ, შაქრის ფასს თავისი სეზონურობა აქვს. სეზონი არის, როდესაც სეზონური ხილის გადამუშავება ხდება და ზამთრისთვის მომზადება, ამიტომ აგვისტოსა და სექტემბერში ოდნავ ფასები იმატებს ხოლმე. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ვახდენთ ფასების მონიტორინგს.ზოგიერთ იმპორტულ პროდუქტზე შესაძლოა, ფასი ოდნავ გაზრდილი იყოს, თუმცა რეკორდულად მინიმალური ფასებია ქართული წარმოების ბოსტნეულზე, იგივე პომიდორი, კარტოფილი და ბევრი რამ. ვფიქრობ, ფასებით სპეკულირება უადგილოა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button