ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

ინფექციაზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა ფინანსთა სამინისტროს 430 თანამშრომელს და 9 მათგანს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა COVID-19 აღმოაჩნდა. უწყების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“1-9 ოქტომბერს, COVID-19-ის რისკჯგუფების სისტემური ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მებაჟე ოფიცრებსა და შესაბამის ობიექტებზე (გაფორმების ეკონომიკური ზონა “თბილისი” და საბაჟო გამშვები პუნქტები: “ყაზბეგი“, “სადახლო სარკინიგზო”, “გარდაბანი”, “სარფი”, “კარწახი”, “ქუთაისის აეროპორტი”, “ბათუმის აეროპორტი”) ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალს, საერთო ჯამში, 430 პირს გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, პირველი ოქტომბრიდან ცხრა ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მიზნობრივი ტესტირება, ანტიგენსა და ანტისხეულზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები) ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე რისკჯგუფებში შემავალი პირებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მძღოლების ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button