ქუთაისში 23 წლის პაციენტის ოჯახის წევრები ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ და მის დასჯას მოითხოვენ

ქუთაისში  23 წლის გოგოს ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სალომე გვასალიას ოპერაცია არასწორად ჩაუტარდა.

გვასალიების თქმით, ახალგაზრდა ქალი 4 ოქტომბერს სენაკში ხიდან ჩამოვარდა, მას მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც ის ქუთაისში გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო, ექიმების შეფასებით, ოპერაცია საჩქარო არ იყო და მას ყველა სათანადო გამოკვლევას ჩაუტარებდნენ.

6 ოქტომბერს ხერხემლის ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, მას გული გაუჩერდა.

“გულის მუშაობის აღდგენის შემდეგ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე რჩება. ჩატარებულია თავის ტვინის შესაბამისი გამოკვლევები ამ წუთას, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სახეზეა თავის ტვინის ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანება. ის თუ რამ გამოიწვია გულის გაჩერება, ამის დასადგენად შესაბამისი სამსახურები არსებობს, არსებობს ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგაც, შეგვიძლია ყველაფერზე გავცეთ პასუხი,”- აცხადებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი მამუკა ნემსიწვერიძე.

ამ დროისთვის პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია, ტვინზე შეშუპება აქვს და მეორე ოპერაცია სჭირდება. ოჯახი შიშობს, რომ პაციენტი მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანს. ისინი მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button