აქცია პარლამენტთან – შეკრებილი მოქალაქეები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვენ​

პარლამენტთან აქცია  მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, “კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი “ქართული ოცნების” მძევლები არიან.

აქციაზე ივერ მელაშვილის მეუღლე თამარ სულაშვილიც მივიდა, რომელიც აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამ საქმით ცდილობს, წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებზე ემოციური გავლენა მოახდინოს და ამ გზით, ამომრჩეველთა ხმები მოიპოვოს.

“ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. ყველამ იფიქროს, მათთვის რომ დაებრალებინათ, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ თვითონ, ამ მდგომარეობაში იქნება. მაგრამ როცა ადამიანი მართალია, ის იბრძვის სიმართლისთვის. ეს იყო ბომბი, რომელსაც აფეთქებდნენ და ალბათ რომელიც უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ, ერთი კვირით ადრე, და გაჟღერდებოდა, რომ თურმე “ნაციონალების” დროს რაღაც მცდელობა იყო საქართველოს მიწების ვიღაცისთვის გადაცემის და ისინი თუ მოვლენ მიწებს გაგიყიდიან და ჩვენ, აგერ, ფრთიანი ანგელოზები ვართ და ჩვენ მოგვეცით ხმა, რომ საქართველო დავიცვათ. ეს იყო მაგათი კოზირი,”განაცხადა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button