გახარია: აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა, არ მოახდინონ საკითხის პოლიტიზება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ როგორც ხედავთ, არ წყდება საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს ხაზგასმით არის აღსანიშნავი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე – მოგების და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ.

„ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ისევე, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც ასამოქმედებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.

„ასევე მინდა ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმები დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რაც მთავარია, მთლიანად სისტემის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, ის, რომ დღეს საქართველოში გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, არის ქალბატონი თეას დამსახურება, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები უკავშირდება თეა წულუკიანის სახელს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო პარლამენტში, სადაც, დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა ასევე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება “, – განაცხადა პრემიერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button