გია ვოლსკი აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა ხდება

მისივე შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იჩქარონ დასკვნების გაკეთება და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ.

„ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს დავით გარეჯის თემის გადაფარვა პოლიტიკური სპეკულაციებით, თითქოს არჩევნების წინა პერიოდში არის გაკეთებული. თითქოს ასეთ დანაშაულს როცა აღმოაჩენ, უნდა დამალო და ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება, ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, არ უნდა გამოამზეურო. ძალიან კარგი განმარტებები ჰქონდა მამა კირილეს. ვფიქრობ, ყველამ უნდა მოუსმინოს, რაოდენ პროფესიონალურად და სიღრმისეულად იციან საკითხები, მათ შორის ჩვენმა საეკლესიო პირებმა და გამომძიებლებმაც.

აქ ორი აზრი არ არსებობს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იჩქარონ დასკვნები და რეალურად, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუმცა, პირველი მონაცემებით, გულდასაწყვეტია და განსაკუთრებით სამარცხვინო ის ფუთფუთი, რაც ამ პოლიტიკურ ველზე ზოგიერთმა სუბიექტმა ატეხა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პასუხისმგებელ პირთა წრე გაიზარდოს.

„ვფიქრობ, თუკი დანაშაული არსებობს, არ შეიძლება, ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც სავარაუდოდ გვაქვს საქმე. თუ ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, იმ ადამიანების წრე, ვინც პასუხისმგებელია, გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც მეტი ყურადღება უნდა მიექციათ, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა მიყენებული ასეთი ზარალი, რასაც ჰქვია გარკვეული ტერიტორიების დაკარგვა, თუმცა არც მიკვირს იმიტომ, რომ გავიხსენოთ ოკუპაციის საკითხი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსაზრებები, მათი წინადადებები, მათი მხარდაჭერა და დაჟინებული მოთხოვნა, რომ გაგვეკეთებინა ისე, რაც ამ ტერიტორიების შემოერთებამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არ გაკეთდა, ესეც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ამიტომ არ მიკვირს, თუ გამოძიება დაადგენს და შემდეგ სასამართლო დაადასტურებს, რომ მართლაც სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button