ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის პოვნაში დახმარებისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

სვანეთში დაკარგული 12 წლის ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ფულად ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ბავშვის დედამ, ქსენია ფილფანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს.

„გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს – ადგილს, სადაც ილია უკანასკნელად ნახეს და მესტია-ჯვრის მაგისტრალს. ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს. ამიტომ, გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუკი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაგვეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს – 30 000 ლარის ოდენობით.

ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალურ ქსელში ექაუნთების მეშვეობით, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

ამასთან, ოჯახის წევრები ავრცელებენ საკონტაქტო ინფორმაციას: +995 555 14 51 31; +995 551 66 66 68; WhatsApp: +7 701 720 30 51; E-mail: pilpani@mail.ru; Facebook: Рогальд Пилпани, Ксения Пилпани; Instagram: kseniya_pilpani.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button