პირველადი კვლევის მიხედვით, გორში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია წყალს არ უკავშირდება

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კვლევების შედეგად გუშინ მომხდარი შემთხვევა და გავრცელებული ინტოქსიკაცია წყალს არ უკავშირდება.

“ჩვენი კომპანიის ლაბორატორიის კვლევები დასრულდა და შედეგი არის დამაკმაყოფილებელი, ანუ რაც მოხდა გუშინ გორში, წყლისგან არ გავრცელებულა ეს ვირუსი. არ დასტურდება, რომ ეს დაბინძურება იყო წყლისგან გამოწვეული.

გუშინ იყო რამდენიმე შემთხვევა ზუსტად იდენტური სიმპტომებით, რამდენიმე ბავშვი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის ბავშვები არ ცხოვრობენ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ წყალს ვაწვდით,” –  განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ.

ამ დროისთვის, გორის ერთ-ერთ კლინიკაში 26 პაციენტი რჩება. სულ სამედიცინო დაწესებულებას 100-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია. პაციენტები გორის კომბინატის დასახლებიდან არიან. მოსახლეობა მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებს, რასაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ კლინიკა ”იავნანაში”ანალოგიური სიმპტომებით მოხვედრილი პაციენტების ნაწილი ისეთი სოფლებიდან არის , სადაც  წყალმომარაგება კომპანიის მიერ არ ხდება.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია ლაზარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 26 პაციენტია მოთავსებული.

“ნაწილი გაეწერა უკვე, ან გაჯანმრთელებულია, ან სტაბილურ მდგომარეობაში. ზოგი შემოემატა და ამ დროისთვის 26 პაციენტია.

არის სხვა დიაგნოზებიც, მაგრამ ძირითადად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ანალოგიური სიმპტომები და იგივე ჩივილებია,” – განაცხადა  ლაზარაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button