სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა – ალიევი

ბაქოში პაკისტანის ახალი ელჩის დანიშვნის ცერემონიაზე ალიევმა სომხეთი კვლავ დაადანაშუალა აგრესიაში და აღნიშნა, რომ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი იზრდება.

“დღეისათვის 10 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, მათ შორის ხუთი ადამიანისგან შემდგარი ოჯახია”, — განაცხადა ალიევმა.

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა უპილოტო თვითმფრინავმა სამოქალაქო ავტობუსი დაცხრილა. გარდა ამისა, სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაბომბა სოფლები ვარდენის რეგიონში, რასაც ერთი სამოქალაქო ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, დაპირისპირებულ მხარეებს ყავთ ათეულობით გარდაცვლილი, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედროებს შორის.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ორივე მხარე შეტაკებებისა და ერთმანეთის ტექნიკის განადგურების ვიდეო- და ფოტომასალას აქვეყნებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 29 სექტემბრის ღამეს სომხეთი კონტრშეტევებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მათ ეს მცდელობები აღკვეთეს. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ქალაქ ფიზულის მიმართულებით შეტევას აგრძელებენ.

ბაქოში ამბობენ, რომ სომეხმა სამხედროებმა ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონის მიმართულებით საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნული ინფორმაცია ერევანმა უარყო. მათივე თქმით, თავდასხმისას კიდევ ოთხი სომხური ტანკი გაანადგურეს.

ღამის პირველი საათისთვის თვითაღიარებული რესპუბლიკა არცახის (ყარაბაღი) თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ისინი აცხადებენ, ორშაბათს მათ კიდევ 26 სამხედრო დაკარგეს — სულ 84.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button