წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა გუშინ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. მისივე განმარტებით, ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგებს ელოდებიან.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო პედაგოგმა. გაიკეთა პირველადი ტესტი, გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დაუდასტურდა ვირუსი. ახლა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებს ველოდებით. ამის გამო სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ. გავაფრთხილეთ ყველა მშობელი და პედაგოგი. ყველანი ამ დროისათვის არიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას“, – განაცხადა მამუკა ჩხეტიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button