ნათია თურნავა – ლარის კურსზე თავისი ზემოქმედება იქონია იმ ნეგატიურმა მოლოდინებმა, რაც ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაჩნდა

ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის ერთ-ერთი ძლიერი შემომტანია, ასევე ლარის კურსზე თავისი ზემოქმედება იქონია იმ ნეგატიურმა მოლოდინებმა, რაც ეკონომიკაში, ბიზნესსა და მოსახლეობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაჩნდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების ნიშნებს იჩენს, რაც იძლევა იმედს, რომ ნეგატიური ფაქტორები ნელ-ნელა დღის წესრიგიდან მოიხსნება.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის პრობლემა. ბევრი პრობლემა დაატყდა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებს. ამიტომაც ჩვენი ანტიკრიზისული პოლიტიკა სწორედ ყველაზე დაზარალებულ, მოწყვლად ჯგუფებზე იყო ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობაც ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და არ შეიძლება, ჩვენც არ გვაწუხებდეს, მაგრამ, ისიც მინდა გავნმარტო, რომ დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. ტურიზმი რაღაც პერიოდი საერთოდ შეწყდა, ახლა ვიწყებთ ნელ-ნელა ფრენების და საერთაშორისო ვიზიტების აღდგენას. ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის ერთ-ერთი ძლიერი შემომტანია.

იგივე დაემართა ვაჭრობასაც იმის გამო, რომ საგარეო ბაზრებზე არის რთული ვითარება. ახლა ნელ-ნელა იწყება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეს დადებითი ნიშანია. დღეს ეკონომიკაში პრობლემები დაგროვდა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა იჩენს გაჯანსაღების ნიშნებს, ეს კი გვაძლევს რწმენას, რომ ეს ნეგატიური ფაქტორები დღის წესრიგიდან თანდათან მოიხსნება“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ფრთხილი მიდგომით, თანდათან გაიხსნება საზღვრებიც, რაც ლარის კურსის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს.

„ლარის კურსზე თავისი ზემოქმედება, რა თქმა უნდა, იქონია იმ ნეგატიურმა მოლოდინებმა, რაც ეკონომიკაში, ბიზნესსა და მოსახლეობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაჩნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ არ მივმართავთ მკაცრი შეზღუდვის ღონისძიებებს, არ დავკეტავთ ბიზნესებს, ხელს შევუწყობთ ეკონომიკას, ნელ-ნელა, ფრთხილი მიდგომებით გავხსნით საზღვრებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაასტაბილურებს მოლოდინებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს. ჩვენი ეკონომიკური გუნდი, მათ შორის ეროვნული ბანკიც, ძალიან აქტიურად არის თამაშში ჩართული და მზად არის, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button