“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა – ტელეკომპანიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელეკომპანიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. არხის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, შენობაში ინფექციონისტებმა დაიწყეს მუშაობა და ამ დროისთვის 200-ზე ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებულია, რომელიც კვლევაზე ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

“ყველა თანამშრომლის ტესტირება ჩატარდება, დაახლოებით 200-ზე მეტი გაკეთებულია და გადაგზავნილია. პირველ რიგში გავაკეთეთ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ გვეცოდინება დღის განმავლობაში უკვე შედეგები პირველი ტესტირების. ამასობაში ვიგეგმებით კომპანიის მენეჯმენტი შემდგომ მოქმედებებზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაჩერდეს მაუწყებლობა, ამის საფრთხე არ არსებობს, ახლავე შემიძლია გითხრათ. თუმცა ვგეგმავთ იმას, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ყველა გადაცემა, პირველ რიგში საინფორმაციო სამსახური და “კურიერი” გავიდეს ეთერში ჩვეულ რეჟიმში,” – განაცხადა პაატა სალიამ.

ინფიცირებული ჟურნალისტი თეონა ცხომელიძეა, რომელსაც  კორონავირუსი სავარაუდოდ რესპონდენტისგან გადაედო. მისი თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ორი დღეა აღენიშნება. გუშინ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, დღეს კი  COVID-19 დაუდასტურდა.

ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. ჟურნალისტის განცხადებით, მისი საკონტაქტო წრე დიდია.

“სიმპტომი თითქმის არ მაქვს, სიცხე არ მაქვს დღეს მთელი დღეა. მაწუხებს მარტო ზურგის და სახსრების ტკივილი. გემო ოდნავ დავკარგე, ყნოსვას რაც შეეხება, ჯერჯერობით მაქვს. რაც შეეხება ჩემს ინფიცირებას, ერთ-ერთი ვერსია რაც გვაქვს, ეს არის რესპონდენტთან კომუნიკაცია პარასკევს, იმიტომ, რომ სხვა კოვიდ დადებითთან შეხება არ მქონია.

კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია სამწუხაროდ, ძირითადად სამსახური და ჩემი ოჯახის წევრები. ეპიდემიოლოგებთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობთ, რომ ზუსტად დავადგინოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომ მოხდეს მათი შემოწმება. ვიცი, რომ მათ უმრავლესობას უკვე ტესტირება ჩაუტარდა,” – ამბობს თეონა ცხომელიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button