კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 29 ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლოს დადასტურებული კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმში დაფიქსირებული,  10-ზე კი, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 1830 შემთხვევა, დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა და გახდა 1917. 87 შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევებია, 12 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხუთი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიითაა აჭარაში, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. სამი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ათ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ამ ეტაპზე 71%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობას 536 პაციენტი გადის, აქედან, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 4, ხოლო მძიმე მდგომარეობაშია- 17.

ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტი გადის მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button