“მოქალაქეები ელემენტარულ რეკომენდაციებს არ იცავდნენ და ახლა შედეგებს ვიმკით”

სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. პაატა იმნაძე ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

“რომ დაცულიყო ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, დისტანცია დავიცვათ… ქართველები ვართ, ყველა ვყოფილვართ ქორწილში. კი, დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს 300-კაციანი. შედეგებს ახლა ვიმკით ამისას“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილმა რეკომენდაციები არ დაიცვა, ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button