მიხეილ რამიშვილი – მივმართავ მათ, ვისაც გუშინ პროკურატურაში ველაპარაკე, თქვენ ხართ მონები, უღირსი და მატყუარა ადამიანები

პროკურატურასთან შეთანხმებული ვიყავი და ორი დღე ვითხოვე. არ დამაცადეს მივსულიყავი და ყველაფერი ბოლომდე მეთქვა, – ასე გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

რამიშვილის განმარტებით, მას გუშინ პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც შეთანხმდნენ, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოების წარმომავლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას ორ დღეში მიაწვდიდა.

„მე პროკურატურასთან შეთანხმებული ვიყავი, სულ ორი დღე ვითხოვე. ეს შეიძლება დღესაც ყოფილიყო. ჩემი მხრიდან მზაობა იყო, რომ ყველაფერი დეტალურად მეთქვა, მაგრამ როგორც ვატყობ, სხვადასხვა მხარეს ვყოფილვართ. არ მოიცადეს დღის ბოლომდე, რომ მისვულიყავი და ბოლომდე მეთქვა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც გუშინ წარვადგინე.

მივმართავ მათ, ვისაც გუშინ ველაპარაკე, ერთი მისხალი ნდობა აღარ მექნება თქვენ მიმართ იმიტომ, რომ მატყუარა და არასანდო ადამიანები ხართ. ჩვენ გუშინ პრივატული სუაბრებიც გვქონდა და შეთანხმებული ვიყავით ორ დღით მოცდაზე. დღეს ვაპირებდი მოვსულიყავი, მაგრამ დღის ბოლომდეც არ მოიცადეთ. გამოდიხართ და ამბობთ, რომ თითქოს მე უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენტელები ხართ. არცერთი ადამიანი, ვისთან სასაუბროდაც გუშინ ღამე მოვედი, კეთილსინდისიერი არ ხართ. დღეს თქვენ რასაც აკეთებთ, ამაში არ ხართ დამოუკიდებლები. თქვენ ხართ მონები და არ ხართ კეთილსინდისიერები. თქვენ გამომძიებლები კი არა, შემსრულებლები ხართ, რასაც თქვენი უფროსები გავალებენ. უღირსი ადამიანები ხართ. თქვენთან ყველანაირ ურთიერთობაზე გული ამიცრუვდა“, – მიმართა რამიშვილმა პროკურატურის გამომძიებლებს.

პრესკონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა მის მიერ გასაჯაროვებული ფოტოების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

რამიშვილის თქმით, ის გამოძიებას დაუსახელებს წყაროს, საიდანაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოიპოვა და მოითხოვს, 19-20 ივლისს გადაღებული ფოტოები სახელმწიფომაც გამოითხოვოს.

„ცხადია, ამას მოაბამდნენ კუდებს, თითქოს ეს ფოტოშოფია, რომ გადაკეთებულ-გადმოკეთებული ფოტოა. 21-22 ივლისს ღრუბლიანი ამინდები იყო. შესაძლებლობა და სურვილი რომ მქონოდა, უღრუბლო ფოტოშოფსაც გავაკეთებდი და ვანახებდი განათებულ, ძალიან ლამაზ ფერებში.

მე ამ ფოტოებს გადავაგზავნი შესაბამის საელჩოებშიც, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე. ჩვენ გამოძიებასაც მივაწვდით ინფორმაციას, საიდან და როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ჩემ ხელში და მოვითხოვ, რომ სახელმწიფომაც გამოითხოვოს 19-20 ივლისის ეს ფოტოები. ტყუილი და ცრუპენტელობა მათ მხარეს მოიკითხონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ფოტოებზე, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფოტოებს ექსპერტიზა ჩაუტარდება იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button