სავარაუდოდ, მარიხუანის ამ წვიმის მთავარი ინიციატორი ისრაელში მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრე ჯგუფი Green Drone იყო. ამ მოვლენამდე მათ თავიანთ Telegram-ზე განაცხადეს, რომ “ციდან უფასო კანაბისს დაარიგებდნენ”:

“დროა, ჩემო ძვირფასო ძმებო. ნუთუ ეს ჩიტია? თუ თვითმფრინავი? არა, ეს მწვანე დრონია, რომელიც ციდან უფასო კანაბისს დაარიგებს. დატკბით, ჩემო საყვარელო ძმებო, ეს თქვენი პილოტი ძმაა, რომელსაც უნდა, დარწმუნდეს, რომ ყველანი მივიღებთ მცირეოდენ უფასო სიყვარულს”.

შეფუთვები რაბინის მოედნის მახლობლად “ჩამოფრინდა”. ეს ქუჩის პროტესტებისა და პოლიტიკური მიტინგების პოპულარული ადგილია. Green Drone-ის ამ აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან შეფუთვების ჩამოგდების ადგილას ათობით ადამიანი შეიყარა და უფასო კანაბისის ასაღებად ხალხი შუა ქუჩაზე, მანქანებს შორის, შედიოდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ შეფუთვები “სახიფათო ნარკოტიკით” იყო სავსე, და წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც კანაბისი იყო. დრონის მართვაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს.

ეს Green Drone-ის მიერ მარიხუანით ფილანტროპიისა თუ კანაბისის აქტივიზმის ერთადერთი შემთხვევა არაა. “ჩვენ ‘კანაბისის წვიმის’ პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ყოველკვირეულად 2-გრამიან შეფუთვებში განაწილებულ 1 კილოგრამ კანაბისს დავარიგებთ”, — განაცხადა ჯგუფმა. მათ განმარტეს, რომ პანდემია “კრეატივსა და მომხმარებლებამდე კანაბისის მიტანის ახალი გზების ძიებას საჭიროებს” — სწორედ ასეთი იდეა იყო დრონებით “მიტანის სერვისი”.

ისრაელში კანაბისი ამჟამად არალეგალურია, განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევების გარდა. წელს ქვეყანაში კანაბისის დეკრიმინალიზაციისა და ზრდასრულთათვის მოხმარების ლეგალიზაციის კანონპროექტები წარადგინეს და საკანონმდებლო ორგანომ ორივე მათგანი პრელიმინარულ ეტაპზე გადაიყვანა.