ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე კითხვებს ბრალდების მხარის წარმოდგენილი მოწმეები და ექსპერტები პასუხობენ.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატის, მურმან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ბრალდებული პროტესტს აგრძელებს და სასამართლო სხდომას არ დაესწრება. მისივე თქმით, დაკითხული მოწმეები უმრავლეს შემთხვევაში ვერც კი იხსენებენ იმ ფაქტს, ზ.ხ. იყო, თუ არა შემთხვევის ადგილზე.

არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი მიიჩნევს, რომ დღევანდელი პროცესის შედეგად დაცვის მხარის პოზიციები გამყარდება. მისივე თქმით, მოწმეებთან, რომლებმაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენებები, დაცვის მხარეს კითხვები ექნება და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ვერ გასცემენ კითხვებს სამართლებრივად გამართულ პასუხებს.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 10 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, მათ შორის არიან როგორც გამომძიებლები, ასევე, უშუალოდ მოწმეები, რომლებიც აგარაკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია მომხდარის შესახებ, მონაწილეობდნენ დათვალიერებაში და ახდენენ კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button