
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს, ექპერტიზა თვენახევრის შემდეგ, დღეს უტარდება
რუსთავში, სამხარეო პოლიციაში 23 წლის პროგრამისტის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება. სპეციალისტები ავტომობილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თვენახევრის შემდეგ, დღეს პირველად შეისწავლიან.
ადგილზე იმყოფებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათ ადვოკატი.
დასადგენია, შეეძლო თუ არა ბაჩალიაშვილის ავტომობილს იმ მანძილის დაფარვა, რაც, არსებული ინფორმაციით, მან გაიარა.
ოჯახი აცხადებს, რომ კვალის წაშლის მცდელობა აშკარაა, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებენ “ჰიუნდაის” წარმომადგენლებიც.
“გვინდოდა, დიაგნოსტიკური აპარატის შეძენა, დავუკავშირდით “ჰიუნდაის” სათაო ოფისს და გავარკვიეთ, ავტომობილს რა შესაძლებლობები აქვს. იქნებიან მათი წარმომადგენლებიც და ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდანაც,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.